saqarTvelos myinvarebi - Sxaris myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 42°58`57` ჩ. გ. 43°06`20` ა. გ. |
სიგრძე | 5.19 კმ |
ფართობი | 3.55 კმ² |
ტიპი | ხეობური |
სამხრეთული ექსპოზიციის ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. შხარის მყინვარის სათავეში სამი ყინულვარდნილია. საზრდოობს მწვერვალ შხარის სამხრეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებითა და თოვლის ზვავებით. შხარის მყინვარი შედგება სამი ნაკადისაგან, რომლებიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე ერთდება. აქედან კი მყინვარის ენას სამხრეთ-დასავლეთური მიმართულება აქვს.
მყინვარის ენა საკმაოდ დანაპრალებულია, განსაკუთრებით მისი მარჯვენა მონაკვეთი. შუა ნაწილიდან მყინვარის ზედაპირი იფარება ფხვიერი მასალით. მისი ზედაპირი მდიდარია აბლაციური ფორმებით (მაგიდები, ჭიანჭველას გროვები და სხვა). მყინვარის სიგრძე (ცენტრალური ნაკადიდან) 5,19 კმ, ხოლო ფართობი 3,55 კმ²-ია. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2540 მეტრზე მთავრდება. რადგან მყინვარის ზედაპირი დაფარულია საკმაოდ სქელი ნაშალი მასალით, ამიტომ ყინულის დნობა ძალზე სუსტია. მისასვლელი გზა ადის სოფელ ჟიბიანიდან.